“საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება”: მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია
“რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება” ავრცელებს.
გაერთიანების შეფასებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე-სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა.
“ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს.
„ქართული ოცნების“ დიალოგი რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის ნაცვლად, რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება.
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხით გაფართოება და ამ პოზიციაზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნა შეგვიძლია მივიჩნიოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად, რაც საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება” ავრცელებს.
მინსკში დღეს, 19 ნოემბერს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.
"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის სპეცწარმომადგენელი, გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მინსკში გუშინ ჩავიდა. მისნკში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინიც.
ცნობისთვის, ორშაბათს გიორგი ზურაბიშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა არ დააკონკრეტა როდის გაიმართებობა ეს შეხვერდა. სერგეი ლავროვის მოადგილემ კი გუშინ იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართებოდა.