კალაძე: მხოლოდ 2 სადარბაზოა პრობლემური, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად... 28 ოჯახის სასტუმროში გაყვანაზეა საუბარი
მუნიციპალურმა ლაბორატორიამ ქვემო ფონიჭალაში იმ კორპუსის შემოწმება დაასრულა, სადაც აფეთქება მოხდა - როგორც კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მის გვერდით არსებული სადარბაზო.
თბილისის მერის თქმით, დანარჩენი კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ.
კალაძის განცხადებითვე, თავიდან 90 ოჯახის მოთავსება იგეგმებოდა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის და მხოლოდ 28 ოჯახი განთავსდება.
ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური - უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო.
დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ.
ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი. დაახლოებით 143 ადამიანია, რომლებთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული“,- აღნიშნა კალაძემ.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ მოხდა - “უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო ინფორმაციით, ნანგრევებიდან მაშველებმა 4 პირი გამოიყვანეს, მათგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. შს მინისტრის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სულხან თამაზაშვილისვე ცნობით, მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მინისტრის თქმით, აფეთქება კორპუსში გაზის გამათბობელმა გამოიწვია.
“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ .
ასევე ნახეთ: