რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება - გალუზინი
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ახალი ფორმატით, რეგულარულად გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.
გალუზინის თქმით, შეთანხმებას 19 ნოემბერს, მინსკში, ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრისას მიაღწიეს.
„შეთანხმებულია, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალი ფორმატით რეგულარულ საფუძველზე წარიმართება“, – განაცხადა მან ТАСС-თან.
რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი შეხვედრის შედეგებით კმაყოფილია. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო გადაზიდვები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„რუსეთის მხარემ ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქციის მიწოდების შემდგომი ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმდა საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემა“, – განაცხადა გალუზინმა.
მისივე თქმით, მხარეები კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერებითაც დაინტერესდნენ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით რუსეთისთვის არ მიუმართავს.