„უცებ ამუშავდა მანქანა...“ - სინოდის წევრმა მეუფე იობს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაგინებლებს უპასუხა

22.11.26 22:52
„უცებ ამუშავდა მანქანა...“ - სინოდის წევრმა მეუფე იობს მხარდაჭერა გამოუცხადა და მაგინებლებს უპასუხა

მეუფე საბა ინწკირველი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ძალაუფლების დათმობა აღარ სურს. ქადაგებისას მღვდელმთავარი მეუფე იობის განცხადებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო მის წინააღმდეგ „გაშავების მანქანა“ ამუშავდა.

მეუფე საბას თქმით, მიუღებელია, როდესაც სასულიერო პირის კრიტიკულ შეფასებებს მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან მყისიერად „ნაციონალობის“ იარლიყის მიკერება და შეურაცხყოფა მოჰყვება. მან ასევე გაიხსენა 2012 წლის მოვლენები და ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლაში მეუფე იობს დიდი წვლილი მიუძღვის.

უცბად ამუშავდა მანქანა, რომ მეუფე იობი თურმე... ის დააბრალეს ადამიანს, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ არ არის. რომ თურმე ნაციონალია მეუფე იობი, იმიტომ, რომ რაღაცა თქვა. ეს არის ყველაზე მეტად გაშავება, რომ თუ რაღაც თქვა ადამიანმა ისეთი, „ნაციონალია”.
მეუფე იობი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც წინ აღუდგა ნაციონალურ მოძრაობას და მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ხელისუფლებაში არის ოცნება იმიტომ, რომ მახსოვს კადრები, როცა მცხეთაში ჩავიდა და მხარი დაუჭირა ღიად ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, მაგრამ დღეს ახლა იმიტომ, რომ ადამიანი მოვიდა მთავრობაში, მოვიდნენ მთავრობაში და უნდათ, რომ ბოლომდე იყვნენ იმიტომ, რომ ნახეს თურმე, რა კარგი ყოფილა ძალაუფლების ქონა და სულ იყო, აღარ გინდა, სხვას დაუთმო, გადააბარო.

ჩვენც გვაქვს ეს მღვდელმთავრებსაც, ძალაუფლებით ტკბობა, სამწუხაროდ, და ამიტომაც ხშირად ვეუბნები საკუთარ თავს: თავი უნდა დაიმდაბლო, შეხედო და, მათ შორის, კრიტიკაც უნდა მიიღო ადამიანების იმიტომ, რომ იქნებ შენ ვერ აკეთებ ისე. პირიქით რომ დაენახათ მეუფე იობის სიტყვები, რომ იქნებ რაღაც ჩვენ გამოსასწორებელი გვაქვს, შეტევაზე გადავიდნენ. 

თან მორწმუნედ თვლიდე თავს, მორწმუნე ვარ, მე ეკლესიაში დავდივარო, თან მოქმედ მღვდელმთავარს, წმინდა სინოდის წევრ აგინებდე? რომელი მოძღვარი ჰყავს ესეთ მორწმუნეებს და ვინ ასწავლა ასეთი ქრისტიანობა? ეს არის ანტიქრისტიანობა” -  თქვა მეუფე საბა ინწკირველმა 22 ნოემბერს, ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები