„ჩვენი პრინციპული პოზიცია უცვლელია“ - თურქეთის ელჩი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე
საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი აცხადებს, რომ ანკარა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. ეს თურქი დიპლომატის პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც ანკარაში შვიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ შეიქმნა.
თურქულ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში ელჩმა საქართველოს თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და ისტორიული მეგობარი უწოდა. ინტერვიუს ქართული თარგმანი საქართველოში თურქეთის საელჩომაც გამოაქვეყნა.
„ჩვენი ქვეყანა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივად უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია უცვლელია“.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ანკარაში შექმნილი „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“ თურქეთის ხელისუფლებისგან ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარებას, ოკუპირებულ რეგიონთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყებასა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს.