კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა გამოიწვევს ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმში.
„საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ეს სექტორი. შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის. რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - სუროგაციაა პრობლემა და აზარტული თამაშების შემთხვევაში რატომ არ იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება?, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ეს სრულიად სხვადასხვა რამეა".
2026 წლის ოქტომბრის ბოლოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა ცვლილებები აზარტული თამაშების შესახებ კანონში, რაც ტურისტული სეზონის მოტივით სათამაშო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებდა.
პროტესტის მიუხედავად, 2026 წლის 9 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა და ცვლილებები ძალაში შევიდა.
საქართველოს საპატრიარქომ და სასულიერო პირებმა ღიად გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება და აღნიშნეს, რომ ეკლესია აზარტული თამაშების წახალისებას ეწინააღმდეგება.
„ქართული ოცნება“ ლუდომანიის პრობლემის გაღრმავების გამო ამბიონიდან გააკრიტიკა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობმა.