კობახიძე ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს და სასამართლო რეაგირებაზე საუბრობს
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები ახლა "კონსტიტუციური წყობილების დამხობის გამო ისჯებიან". ამით "ოცნების" ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელის განხილვას გამოეხმაურა.
მან ოპოზიციური ძალები წლების განმავლობაში სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟში დაადანაშაულა. კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ქმედებები თვალსაჩინოა და მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები თუ ნაბიჯები თავადვე ქმნის საფუძველს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობა დაუსჯელი არ დარჩება და საბოლოო შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთდება.
მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს, მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებული არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად. თავისთავად ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებული საბოტაჟით, სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით და იყვნენ დაკავებულები. ეს მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს საბოლოო ჯამში დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, საბოლოო ჯამში ეს ბუნებრივია, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.