ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა სპეცსამსახურებმა მოუხსნეს
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა სპეცსამსახურებმა მოუხსნეს - განცხადება "ოცნების" ლიდერმა "პირველების" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, მსგავს საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად.
„სახელმწიფო დაცვას რაც შეეხება, ასეთ საკითხებზე მსჯელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ყველაფერი განისაზღვრება საფრთხის ხარისხის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა მიიჩნია, რომ არ იყო საფრთხის შესაბამისი ხარისხი, თუმცა პერიოდულად შეიძლება გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება და ეს იყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რეკომენდაცია. რაც შეეხება ჩემი და მამუკა მდინარაძის მეგობრობას, მეგობრობით არ ინიშნება სახელმწიფო დაცვა. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის რეკომენდაცია იყო და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, კობახიძემ თქვა, რომ „პოლიტიკაში არ ბრაზდებიან“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან მის ურთიერთობას, კობახიძის განცხადებით, „მათ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ეს ლოგიკურია“.
რაც შეეხება ღარიბაშვილ-ლილუაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს, "ოცნების" ლიდერს განცხადებით, "ეს არ არის აქტუალური საკითხი".
ბევრ რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე [ბიძინა ივანიშვილთან]. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ეს არ არის აქტუალური საკითხი ამ თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ კითხვებს საფუძველი არ აქვს.
მამუკა მდინარაძე არაფერ შუაში არაა ირაკლი ღარიბაშვილთან. რას ნიშნავს შეცდომაში შეყვანა? ანუ დანაშაული არ ჩადენილა და ისეა ადამიანი დაჭერილი? თქვენ რომ რაღაცას აშუქებდით და ჩვენ ჩვენი გუნდის წევრს ვიცავდით, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ალოგიკური ისაა, როდესაც თქვენ წლების განმავლობაში ამტკიცებდით, რომ ადამიანი იყო დამნაშავე და ახლა მოგინდათ მისი უდანაშაულობის მტკიცება“,- განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ სამომავლოდ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს, კობახიძემ თქვა, რომ ამ კითხვას საფუძველი არ აქვს.
ამ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ ამაზე [გუნდში გადაადგილებაზე] კომენტარი არ გააკეთოს. როცა შიდა გადაადგილება ხდება გუნდში ჩვენ გვაქვს სრული უფლება რაღაცაზე გავაკეთოთ კომენტარი, რაღაცაზე არ გავაკეთოთ კომენტარი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის 20 ნოემბრის განკარგულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს, მამუკა მდინარაძეს, სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. სახელმწიფო დაცვა მას 2027 წლის 1 აგვისტომდე უნდა ჰყოლოდა.