ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარები რას იტყვიან, საერთოდ არ მაინტერესებს
ევროპარლამენტარები რას იტყვიან, საერთოდ არ მაინტერესებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების შესახებ "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, ევროკომისიის განცხადებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაქცევს ყურადღებას, თუ ისინი სამართლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული იქნება.
კობახიძე ამბობს, რომ თუ ევროკომისიაც გამოიყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმარი“, მის პოზიციასაც არ გაითვალისწინებს.
ევპარლამენტარები და ევროპარლამენტი საერთოდ არ არის საინტერესო. კონკრეტულად ევროპარლამენტარები რას იტყვიან, საერთოდ არ მაინტერესებს. ევროკომისია მაინტერესებს იმ შემთხვევაში თუ მათი განცხადებები იქნება სამართლიანი და ფაქტებზე დაფუძნებული. თუ "პოლიტიკურ პატიმარს" იტყვის ევროკომისია, არც ეს დამაინტერესებს, მარტივად არის საქმე, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
"პაატა ბურჭულაძე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში" - ევროპარლამენტი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ახალი რეზოლუციის მისაღებად ემზადება. რეზოლუციის პროექტი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატების ყურადღების ცენტრში კვლავ აქციების დროს დაკავებული პირების საკითხი და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივაა.
ცნობილია, რომ დებატებზე პაატა ბურჭულაძის საკითხი ცალკე იქნება გამოყოფილი.