"ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება
"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება - ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი.
"ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ომის დაწყებაში ენმ-ს ბრალეულობას შეეხებოდა.
გორდულაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას ედავებიან,რ ომ მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2008 წლის რეზოლუციას, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.
ლევან ბეჟაშვილმა გორდულაძეს მიუთითა, რომ სარჩელის თავი არის „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ და არა რეზოლუციის მხარდაჭერა.
ამის შემდეგ მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს სთხოვა დაკონკრეტებინა მხოლოდ რეზოლუციის მხარდაჭერას ედავებოდა ენმ-ს თუ ომის დაწყებაში დახმარებასაც - "თქვენი სამდურავი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ამოიწურება, თუ იმაზეც ვრცელდება, რომ დაეხმარნენ რუსეთს ომის დაწყებაში"?
ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გორდულაძემ.
გორდულაძის პასუხის შემდეგ, ანა წითლიძე მას ჰკითხა, აბრალებდა თუ არა მმართველი პარტია მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებას, რადგან იმ დროს სწორედ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი.
ანი წითლიძე: "საქართველოს ჩვენ ომს არ ვაბრალებთო, მივიღეთ ეს პასუხი და ბოლო კითხვა: სააკაშვილს თუ აბრალებთ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი?
არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, ეს კითხვა საერთოდ არ შეეხება მიმდინარე სარჩელს და ვთხოვთ, რომ მოიხსნას.
ამის შემდეგ მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განმარტა, რომ გორდულაძემ უკვე გასცა პასუხი კითხვას, აბრალებდა თუ არა მოსარჩელე მხარე საქართველოს ომის დაწყებას. შესაბამისად, წითლიძის შეკითხვა სააკაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ მოიხსნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასევე ჰკითხა, რომელ ქვეყანაში და რა მიზნით იყო გატანილი აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვარდნილი კასეტური ბომბის, რუსული „ისკანდერის“ ნაწილები.
"ოცნება" წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში დავის დროს წარდგენილი არ ჰქონდათ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.
ანი წითლიძე: ისკანდერის“ ქურდობაში გვადანაშაულებს ქართული ოცნება და მე მინდა გკითხოთ, „რომელიღაც ქვეყნის სამხედრო ბაზაზე, ასე აკეთებთ ხოლმე თქვენ კომენტარებს, გვითხარით, რომელი ქვეყნის სამხედრო ბაზაზე იყო „ისკანდერი?“
თენგიზ შარმანაშვილი: არ გეტყვით... იმას კი არ გეტყვით რომელი ქვეყნის ბაზაზე იყო, სად იმყოფებოდა ეს მტკიცებულება, მაგას რომ არ ამხელდით, მაგას გეტყვით
არჩილ გორდულაძე: საქართველო დადგა რისკის წინაშე, რომ მას შეიძლება წაეგო დავა რუსეთის წინაშე. ახლა აქ კითხვებს ვერ შემოგვიბრუნებთ.
ანა წითლიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ომის დროს ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს გადასცა ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც საჭირო იყო მტკიცებულებად წარსადგენად - „ამის მიღება-ჩაბარების აქტებიც არსებობს თავდაცვის სამინისტროში - ამიტომ გთხოვთ, გამოიკვლიოთ".