გურამ დადიანიძის საქმეს დღეს თბილისში გადმოგზავნიან
12 წლის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეს დღეს თბილისში გადმოგზავნიან - ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ გაავრცელა.
როგორც ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცემა.
„დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს. მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის!,“ - წერს კაკაბაძე.
გამოძიების თბილისში გადატანას კვირების განმავლობაში ითხოვდა გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი. ქალი, რომელიც 12 წელია შვილის გაუჩინარების გარემოებებს თავად იძიებს, ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი სურვილი სიმართლის გარკვევაა - გაიგოს, სად არის მისი შვილი და ცოცხალია თუ არა.
12 წელი პატარა დრო არ არის, 12 წლის მანძილზე იმდენად ვიტანჯე და იმდენად გამწარებული სიცოცხლე გავიარე, თუნდაც ერთ დღეში გაირკვეს ყველაფერი და მეორე დღეს მოვკვდე. უბრალოდ, გავიგო, ბავშვი რა ვითარებაში გაუჩინარდა, სად არის ამჟამად, რა მდგომარეობაშია და მეტს არაფერს ვითხოვ. ის მაინც მითხრან, რომ ცოცხალია, ის მაინც მითხრან, რომ დაღუპულია. ამ 12 წლის მანძილზე გამომძიებეიც მე ვიყავი, ადვოკატიც და ყველაფერი, იმიტომ, რომ მე ვიძიებდი ჩემს შვილს, - ამბობს სოფო ბიბილაშვილი.