საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია

15.10.26 10:41
საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა-694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი. ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.

 სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი), - წერია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. 

ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები