მარნეულის მერის ძმა, რომელიც ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, თავისუფალია
მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ქენან ისმაილოვი თავისუფალია - ინფორმაციას "პირველებს" მარნეულიდან აწვდიან.
ცნობილია, რომ 20 აგვისტოს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, პატიმრობის ვადა კი ისმაელოვის დაკავების დღიდან დაითვალა.
ქენან ისმაილოვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ქენან ისმაილოვი მიმდინარე წლის 7 აპრილს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მარნეულში ის ნიღბიან პირებთან ერთად ბიზნესმენს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ადგილობრივები დაპირისპირების მიზეზად ბიზნეს-ინტერესებს ასახელებდნენ. მათივე თქმით, ისმაილოვების გარემოცება პურის ფასის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდა და სხვა მეწარმეებზეც ზეწოლას ახორციელებდა. ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავდასხმის მსხვერპლი გახდა.