ბულგარეთმა რუსეთს 21 წლის წინ ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე გადასცა
21 წლის წინ ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული, ხვიჩა ცხაკაია საქართველოს მოქალაქე ბულგარეთიდან რუსეთში ექსტრადირებულია. ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა იუწყება.
საუბარია 2005 წელს მოსკოვში ჩადენილ მკვლელობაზე -რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ვერსიით, ცხაკაიას ნაცნობთან ფინანსური უთანხმოების გამო კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც მისი მკვლელობა დაუდგენელ პირთან ერთად დაგეგმა.
გამოძიების თანახმად, ცხაკაიამ და მისმა თანამზრახველმა ავტომობილში მყოფ დაზარალებულს დანით სულ მცირე 14 ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, ხვიჩა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის აეროპორტში რუსეთის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს გადასცეს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ცხაკაია გამოძიებას ემალებოდა და საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული.