ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა - Veterinarium

03.11.26 13:16
ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა - Veterinarium

ესროლეს და მოკლეს ბატკანძერი, რომლის გადარჩენისთვისაც 4 თვის განმავლობაში 15-მდე ადამიანი იბრძოდა - ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა Veterinarium ავრცელებს. 

კლინიკის ცნობით, ბატკანძერის ისტორია ივნისის ბოლოს დაიწყო, როცა პანკისის ხეობაში დაუძლურებული ბარტყი იპოვეს, რომელიც ფრენას ვეღარ ახერხებდა და თბილისში ჩამოიყვანეს. მპოვნელებმა მას ლუხუმა დაარქვეს

განცხადების მიხედვით „ლუხუმა“ გამოჯანმრთელებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ოქტომბერში დააბრუნეს პანკისის ხეობაში, ტბათანაში, თავის ბუნებრივ გარემოში. კლინიკის ცნობით, გათავისუფლებამდე ლუკა ტყემალაძემ და ლექსო გავაშელიშვილმა მას GPS გადამცემი დაუმაგრეს, რომ მისი გადაადგილებისთვის თვალყური ედევნებინათ.

 „3 დღის წინ მისგან მიღებულმა პირველმა სიგნალმა ყველა გაგვახარა, გუშინ კი ლუხუმა ახმეტაში დაჭრილი და დაუძლურებული იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ის თბილისის ზოოპარკში გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვეღარ მოხერხდა: თოფით მიყენებულმა ღრმა ჭრილობებმა სისხლდენა გამოიწვია და ფრინველი მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

აქვე განვმარტავთ, რომ ბატკანძერი ლეშიჭამია ფრინველია და არც პირუტყვს, არც შინაურ ფრინველებსა თუ სხვა ფერმერულ ცხოველებს საფრთხეს არ უქმნის. ლუხუმა არც მოსახლეობას მიახლოებია.

სავარაუდო შეფასებით, საქართველოში სულ 20-25 წყვილი ბატკანძერი ბინადრობს. ასეთი მცირერიცხოვანი პოპულაციისთვის თითოეული ფრინველის დაკარგვა მძიმე დანაკლისია. ლუხუმას სიცოცხლის გადასარჩენად ამდენი ადამიანის ოთხთვიანი შრომა და თავდადება ვიღაცის გასროლამ გაანადგურა“ - წერს კლინიკა. 

მსგავსი სიახლეები