„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს არჩევნებში დამარცხების შიშით ცვლის“ - ექსპერტები
„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო ცვლილებებს პოლიტიკოსები და იურისტები აკრიტიკებენ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის, გიორგი სიორიძის შეფასებით, ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შიშით საარჩევნო კანონმდებლობას ცვლის და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემო შეიქმნას.
ყოველთვის, როცა "ქართული ოცნება" ემზადება ხოლმე არჩევნებისთვის, ხედავს ხიფათებს საარჩევნო პროცესში, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით და ეშინია არჩევნებში დამარცხების, ახალ-ახალ საარჩევნო ცვლილებებს გვთავაზობს ხოლმე.ა ხლაც შემოთავაზებულია ახალი პაკეტი, რომლითაც იზღუდება რეალურად არჩევნების შედეგების გასაჩრივების შესაძლებლობა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე, ასევე სასამართლოში. ხდება ცენტრალიზება არჩევნების შედეგების, უბნებიდან, რომელიც უნდა შეჯამებულიყო ოლქებში, ახლა მოხდება ცენტრალიზებულად ცესკოში. ასევე ეხება ცვლილებები საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობას, მათ შეზღუდვას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურება როგორც ყოველთვის და როგორც ჟანრის კანონია, ერთ მიზანს - "ქართული ოცნება" იყოს მაქსიმალურად დაცული იმ შედეგებისგან, რომელიც მას აღარ მისცემს შესაძლებლობას, ძალაუფლების გახანგრძლივებისა არჩევნებზე, - ამბობს გიორგი სიორიძე.
იურისტი ლილი ბეგიაშვილი კი ცვლილებებს საარჩევნო პროცესისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი განცხადებით, შედეგების გასაჩივრების შეზღუდვა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციაზე ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების გაზრდა არჩევნებზე დაკვირვებისა და კონტროლის მექანიზმებს ასუსტებს.
შედეგების შეჯამება იქნება ეს ოლქში თუ იქნება ეს მხოლოდ ცესკოში, დაყრდნობილი ფორმალურ სასამართლო პროცესებზე, აბსოლუტურად ანულებს საერთოდ არჩევნებში მონაწილეობის აზრს და ასევე არჩევნებზე დაკვირვების აზრს. და უარესსაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს მწარე, კატასტროფული გამოცდილება 2024 წლის არჩევნებიდან, როდესაც გაზრდილი ვადის შემთხვევაშიც კი სასამართლო პროცესები იყო ძალიან ფორმალისტური. ცესკოს თავმჯდომარე ხდება ერთპიროვნულად უფლებამოსილი, რომ დაარეგისტრიროს, მაგალითად, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ან დაარეგისტრიროს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რაც ამ გადაწყვეტილების სუბიექტუროსბი ხარისხს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი, - ამბობს ლილი ბეგიაშვილი.
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებს გეგმავს - 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, საუბნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ამასთან, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება.
მნიშვნელოვნად იზღუდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.