რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?
ევროკომისია გაფართოების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები მკაცრად არის გაკრიტიკებული.
"საქართველოში ფუნდამენტურ საკითხებში უკანსვლა კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია". - წერია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორები დე-ფაქტო შეჩერებულ პროცესზე პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ.
მათი თქმით, საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაში განსაზღვრა. ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება დემოკრატიისა და ძირითადი უფლებების მდგომარეობის გამო. ამის გამო ევროკავშირმა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის ზოგადად უვიზო რეჟიმსაც.
რაც შეეხება არჩევნებს, დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საზოგადოებაზე დაშინებისა და ზეწოლის ფონზე ჩატარდა.
დემოკრატიული სტანდარტები, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და კანონის უზენაესობა საქართველოსა და თურქეთში კიდევ უფრო გაუარესდა". ანგარიშის მიხედვით, ორივე ქვეყანაში გრძელდება ინსტიტუციური გარანტიების დემონტაჟიც", - ვკითხულობთ დოკუმენტის კიდევ ერთ თავში.
გაფართოების ანგარიშის ავტორები, საქართველოში "რეპრესიულ გარემოზე" წერენ და ამბობენ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში მოქმედებს და შემზღუდველი კანონდებლობის ქვეშაა, ეს კი დოოკუმენტის თანახმად შემაკავებელ ეფექტს აღრმავებს.
საქართველო იმ სამ ქვეყანას შორისაა (სერბეთსა და თურქეთთან ერთად), სადაც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა რეალურად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ და უსაფრთხო მუშაობას.
დოკუმენტში საუბარია სასამართლო და სახელმწიფოს მიტაცების რისკებზეც.
სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულად შესუსტებულია, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში. სასამართლოს პოლიტიკური გავლენის საკითხზე დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ ამ ორ ქვეყანაშია.
კორუფციის თემაზე ანგარიში აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს მიტაცების რისკი კვლავ თვალსაჩინოა, განსაკუთრებით საქართველოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და თურქეთში.
დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ადამიანის უფლებებს და მედიას - დოკუმენტი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ვითარება გაუარესებას განაგრძობს. ჩვენი ქვეყანა ამ კატეგორიაში თურქეთსა და სერბეთს შორის მოხვდა.
გაფართოების ანგარიშშია პირდაპირ წერია, რომ საქართველოს თანხვედრა ევროკავშირთან კიდევ უფრო შემცირდა.
ვიზის პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ძალისხმევა უნდა გაააქტიურონ: "სხვა პარტნიორებმა, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინამ, საქართველომ, კოსოვომ და სერბეთმა, უნდა დააჩქარონ ძალისხმევა".
ევროკომისია ასევე წერს საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე და აცხადებს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმის ფარგლებში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს. ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის ზოგადი ჩარჩოს რეფორმირებისთვის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იყოფებიან, ან პატიმრობაში.
საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზარდა. პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, დემოკრატიული პლურალიზმი კი კიდევ უფრო გაუარესდა. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობას ამჟამად ან სისხლისსამართლებრივი ბრალდებები აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაში იმყოფებიან, ან პატიმრობაში. ქალები საჯარო თანამდებობებზე სულ უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმდებლობა შემზღუდავად არის შეფასებული - წერია, რომ is განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა.
„უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა (მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი შესაბამისი ცვლილებები) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებულ კონტროლს უქვემდებარებს და განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა. „სამართლებრივი ჩარჩო არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“. „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2025 წლის ოქტომბრის და 2026 წლის ოქტომბრის მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ ეს კანონები აწესებს ფართო და ერთმანეთის გადამფარავ ვალდებულებებს, რომლებიც პასუხისმგებლობის მკაცრ ზომებთან ერთად არაპროპორციულ ტვირთად აწვება დემოკრატიული პროცესების ზედამხედველ სუბიექტებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს და მათ კონტროლის ქვეშ აქცევს. ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ მათი კუმულაციური ეფექტი „იძულებითია, სტიგმატიზირებადი და საბოლოოდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე მძიმე გავლენა იქონია ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობამ, რომლებიც ძალაში შევიდა. გარდა ამისა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, პრევენციული ღონისძიების სახით, გაიყინა რამდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. 2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გაამკაცრა საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების წვდომა უცხოურ დაფინანსებაზე. აღნიშნული რეგულაციები აფართოებს „გრანტის“ განმარტებას და მასში მოიცავს უცხოური მხარდაჭერის თითქმის ყველა ფორმას; აწესებს მთავრობისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულებას; ასევე, ვრცელდება უცხოეთში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებზეც, რომელთა საქმიანობაც საქართველოზეა ფოკუსირებული. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას — თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ვადით.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის მხრივ გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა და პირიქით, უკან დაიწია.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ განახორციელა მაკორექტირებელი ქმედებები, პირიქით, კიდევ უფრო შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები შემოიღო, რომლების ეწინააღმდეგება ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ საქართველოს ვალდებულებებს.
ანგარიშის თანახმად, იმ ფონზე, რომ საქართველო კვლავ არღვევს კრიტერიუმებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველში დევს, ევროკომისიამ, 2026 წლის 6 მარტიდან, 12-თვიანი საწყისი ვადით აამოქმედა ვიზების შეჩერების გადასინჯული მექანიზმი და სწორედ აღნიშნული ზომის პირველი ფაზა ეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
ჩამოთვლილი ნაკლოვანებების ფონზე, ევროკომისია საქართველოსთვის კარს არ ხურავს და ამბობს, რომ ანგარიში ხაზს უსვამს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი:
"ევროკავშირის დიდი ხნის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელია, ისევე როგორც მისი შეურყეველი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ხელახლა დაიბრუნებს გაწევრიანების საფუძველ პრინციპებს, ანუ დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ძირითად უფლებებს, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეიძლება განახლდეს.
კომისია მიესალმებოდა ასეთ განახლებას, ქართველებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირებისა და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ფართო და ხანგრძლივი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გათვალისწინებით.
ასევე ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს "ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, გააუქმოს კანონმდებლობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს ზღუდავს - გამოიძიოს ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებები".