„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კობახიძეს პასუხობს: საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს

05.11.26 16:45
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კობახიძეს პასუხობს: საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ განცხადებით, საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის და სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს. ამით ასოციაციამ ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ საწვავზე აქციზის შემცირებაზე საუბარი "სპეკულაციაა".

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთავარი მიზანია, არა სპეკულაცია, არამედ შედეგზე ორიენტირებული, რეალურად ღირებული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს საკუთარ პოზიციებს და მოსახლეობისთვის ყველაზე სასარგებლო შედეგისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აქციზის განაკვეთის დროებითი ცვლილებით დღესვე შეგვიძლია საწვავის ფასი 25 თეთრამდე შევამციროთ. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მოგვცემს მოსახლეობას უფრო მეტი ფული დავუტოვოთ ჯიბეში, ამასთან მოცემული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის საწვავის ფასიდან გამომდინარე არსებული წნეხის შემცირებასაც.

ამასთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მცდარ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, თითქოს საწვავზე აქციზის განაკვეთის შემცირება ბიუჯეტში ისეთ დეფიციტს გამოიწვევს, რომლის დაკომპენსირება სხვადასხვა პროგრამისა თუ ინსტიტუტისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობამ ნავთობპროდუქტების აქციზიდან 509 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. გამოდის, რომ დღესვე ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთის დროებითი განახევრების შემთხვევაში, ბიუჯეტს მაქსიმუმ 250 მილიონი ლარი დააკლდება. თუმცა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, ვინაიდან ნავთობპროდუქტების აქციზში შედის ისეთი პროდუქტებიც, რომლებზეც აქციზის განაკვეთის ცვლილებას არ ვეხებით. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შესაძლებელია ამ თანხის დაკომპენსირება. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამავე პერიოდში მხოლოდ ფიზიკური პირების ჯარიმა-საურავებიდან ბიუჯეტმა 127 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 150%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, დანაკლისის დაკომპესირება შესაძლებელია.

მოცემულ პოლიტიკას უკვე ატარებს არაერთი ევროპული ქვეყანა. მაგალითისთვის, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გადაწყვეტილებით, საგადასახადო შეღავათებით, სექტემბერში 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 17 ცენტით შემცირდა. ესპანეთმა ასევე საგადასახადო შეღავათების ძალით ლიტრი საწვავის ღირებულება ოქტომბერში 20 ცენტით შეამცირა ცალკე უნდა აღინიშნოს პოლონეთის მაგალითიც, კერძოდ, პოლონეთმა საწვავზე დღგ 23%-დან 8%-მდე შამცირა", - წერია განცხადებაში.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ:

„ საწვავს რაც შეეხება, გლობალურად არის პრობლემა. რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება ფასებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ლიტრზე დიდი ფასნამატი არა აქვს გადასახადს. თან გადასახადები შედის ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, ამიტომ არის აბსოლუტურად სპეკულაციური ის განცხადებები, რაც კეთდება ხოლმე აქციზთან დაკავშირებით.“