პუტინის განცხადებით, უკრაინა ტრამპის თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს აგრძელებს

24.11.26 22:36
პუტინის განცხადებით, უკრაინა ტრამპის თხოვნის მიუხედავად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს აგრძელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე იერიშებს არ წყვეტს.

ამის შესახებ პუტინმა საჯარო გამოსვლისას ისაუბრა.

რუსეთის ლიდერის თქმით, კიევი ვაშინგტონის რჩევებს არ ითვალისწინებს.

„ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ, თავი შეეკავებინათ ამ დარტყმებისგან, კიევის ხელისუფლება არ უსმენს ასეთ რჩევებს. ყველაფერი გრძელდება, ვითომც არაფერი“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მოსკოვის მხრიდან საპასუხო რეაქცია აუცილებლად მოჰყვება.

„ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ქმედებები გარდაუვალია, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დაწყებულ ესკალაციას, რომელიც, მისი მტკიცებით, 40 დღეზე იყო გათვლილი, რუსეთისთვის „კრიტიკული ზიანის“ მიყენება არ შეუძლია.