სადისციპლინო კომიტეტმა პროტესტის ნიშნად ჩაშლილ მატჩში საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

01.11.26 15:47
სადისციპლინო კომიტეტმა პროტესტის ნიშნად ჩაშლილ მატჩში საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს“ პროტესტის ნიშნად ჩაშლილ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. საუბარია 29 სექტემბერს „ნიკე-ლუსოსთან“ დაგეგმილ შეხვედრაზე, რომლის დაწყებაზეც ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს.

სპორტსმენების პროტესტის მიზეზი ძალადობაში მხილებული მამაკაცის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება გახდა. კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მკაფიოდ განმარტა საკუთარი პოზიცია:

„შექმნილ სიტუაციაში სწორ მხარეს დგომა და ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად საკუთარი პოზიციის გამოხატვა არის ის ერთადერთი არჩევანი, რომელსაც ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.“

მიუხედავად სადისციპლინო სანქციისა, გუნდში აცხადებენ, რომ ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა მათთვის ნებისმიერ სპორტულ შედეგზე მნიშვნელოვანია.