"ცოცხალ-მკვდარია, ტყვია თავში აქვს მოხვედრილი"- ახალი დეტალები რუისპირში მომხდარ დაჭრაზე
"პირველებისთვის" თელავის რაიონის სოფელ რუისპირში 64 წლის კაცის ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, კახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ბიძინა გავერდაშვილი დააკავეს.
შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, როცა ადგილზე 30-მდე პირი დაბადების დღეს აღნიშნავდა. ერთ-ერთი ვერსიით, შსს-ის თანამშრომელი იარაღს წმენდდა და ტყვია შემთხვევით გაუვარდა, რომელიც წვეულებაზე მყოფ ლევან შამრელაშვილს თავის არეში მოხვდა.
მეორე ვერსიის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, რესტორნის გარე სივრცეში გამოვიდა და სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. დაზიანებულია რესტორნის ფასადი (მინა).
თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ რესტორანში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მათი თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გასროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი 64 წლის კაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
ირკვევა, რომ ბიძინა გავერდაშვილი მომხდარის შემდეგ სახლში წავიდა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.
ექიმების განცხადებით, თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა უმძიმესია - თელავის რეფერალურ კლინიკაში მედიკოსები ლევან შამრელაშვილს გადარჩენას ამ წუთებში ცდილობენ.