დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი "ფაიფურა"

01.08.26 10:51
დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი "ფაიფურა"

 „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი,  ზაზა ფარქოსაძე-გოგოლაძე მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს - ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

უწყების ცნობით, ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული.  შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.

შსს-ს ცნობითვე, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.

აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ფაიფურას" შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. მაშინ გაირკვა, რომ 46 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც  კრიმინალური პოლიციის მასალებით მიხედვით, ბიზნესს არეკეტებდა და წილს ქურდებს უგზავნიდა, პოლიციას სპეცოპერაციის დროს გაექცა.  

"შაბათის ეთერს" უყვებოდნენ, რომ "ფაიფურას" მისი დაკავების შესახებ  ინფორმაცია სავარაუდოდ წინასწარ ჰქონდა. ცნობილია, რომ კრიმინალური პოლიცია მას უთვალთვალებდა - თვალთვალის კადრები დევს კრიმინალური პოლიციის მასალებშიც, როდესაც სპეცრაზმს ის ჭიათურაში კუთვნილ ბინაში ეგულებოდა და კარი გაჭრეს, რომ დაეკავებინათ ბინაში აღარავინ დახვდათ, "ფაიფურა" გაქცეული იყო.

ვინ არის "ფაიფურა"? კრიმინალური პოლიციის გამოძიების ფაილებში წერია, რომ ის კავშირშია საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდ" მერაბ ასანიძესთან, იგივე "ჩოკორასთან" და ჩაბარებული ჰქონდა ჭიათურის რაიონში  ე.წ. ქურდული საერთოს აგროვება.

2025 წლიდან ჭიათურულ ავტორიტეტს მანქანაში მოსასმასმენი აპარატურა დაუმონტაჟეს.