გორში დაჭრილი პირები ყოფილი სამხედროები არიან
ორი დაჭრილი და ერთი დაკავებული - ბრალის წარდგენას ელოდება კაცი, რომელმაც 30 ივლისს, გორში ცივი იარაღით დაზიანება ახალგაზრდებს მიაყენა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ პაბ-რესტორანში მოხდა. როგორც "პირველებს" რესტორანში უყვებიან, ერთ სუფრაზე ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებას აღნიშნავდნენ, მეორე სუფრასთან კი დაკავებული მეგობრებთან ერთად ქეიფობდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი და შელაპარაკება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდებმა გვერდით მსხდომ მამაკაცებს მოუწოდეს, აღარ მიეყენებინათ შეურაცხყოფა იქ მყოფი სტუმრებისთვის და აღარ ეხმაურათ, რის შემდეგაც თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ახალგაზრდებს დანა ჩაარტყა.
დაშავებულები კლინიკიდან უკვე გაწერეს, თავდასხმაში მხილებული კაცი კი ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.