ბათუმში 31 წლის კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანია დაკავებული

01.08.26 17:36
ბათუმში 31 წლის კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანია დაკავებული

ბათუმში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც 31 წლის კაცი დაიჭრა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ ბაჩო ბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს. ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, ჩაფხუტი, ორი წყვილი ხელთათმანი, ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის აქსესუარი, რომლებსაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენისას იყენებდნენ"- წერს უწყება. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.