უკანონოდ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი 15 პუნქტი გამოავლინეს - დაკავებულია 9 პირი
აჭარის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში უკანონოდ მოქმედი, ვალუტის 15 გადამცვლელი პუნქტი გამოავლინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგაოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პუნქტები საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდნენ.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩხრეკა ჩატარდა 15 ლოკაციაზე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი ინვენტარი.
ამოღებული ვალუტის საერთო ღირებულება 356 000 ლარს აღემატება.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ, მათგან 9 დაკავებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.