დრონებმა რუსეთის ქალაქ რიაზანს შეუტიეს - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო

15.05.26 10:40
დრონებმა რუსეთის ქალაქ რიაზანს შეუტიეს - სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო

15 მაისის ღამეს რიაზანზე დრონებით მასირებული შეტევა განხორციელდა, გავრცელდა ინფორმაცია ძლიერი აფეთქებების შესახებ. თავდასხმის სამიზნე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო, სადაც ამჟამად ხანძარია.

აფეთქებები ღამის დაახლოებით ორ საათზე დაიწყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები "დრონების ურდოზე", აფეთქებებსა და ცაში კაშკაშა ნათებებზე ჩიოდნენ, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

ტელეგრამ-არხები წერენ, რომ დარტყმა განხორციელდა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შედის. ეს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს ყველა მარკის ავტობენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს, მაზუთს, თხევად აირებს, ბიტუმსა და ნავთობქიმიურ ნედლეულს.

რიაზანის ხელისუფლებამ თავდასხმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ერთ-ერთი სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა. ასევე, მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო 12 დაშავდა, მათ შორის ბავშვები. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი და მოსახლეობის ევაკუაცია.