ვოლგოგრადში დრონებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

29.05.26 10:26
ვოლგოგრადში დრონებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადზე ღამით დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა ძლიერი აფეთქებების სერიაზე საუბრობდა. როგორც გამოცემა Astra წერს, შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც წარსულშიც არაერთხელ გამხდარა უკრაინული უპილოტო აპარატების სამიზნე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქალაქზე მასირებული შეტევა განხორციელდა. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტომასალის ანალიზის საფუძველზე, Astra იუწყება, რომ დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“. ეს ვოლგოგრადის ოლქის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და „ლუკოილის“ ერთ-ერთ ძირითად აქტივად ითვლება. საწარმო ყოველწლიურად 15 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და სპეციალიზებულია ბენზინის, დიზელის, საავიაციო საწვავის, მაზუთის, ბიტუმისა და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებაზე.

ქარხანა დრონებით თავდასხმის სამიზნე მანამდეც არაერთხელ გამხდარა. ბოლო მსგავსი შეტევა 2026 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

ამასთან, Astra-ს ცნობით, დღევანდელ თავდასხმას შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეც ჰქონოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით დრონი მოხვდა, მხოლოდ ორი კილომეტრითაა დაშორებული სამეცნიერო-საწარმოო ცენტრიდან „ტიტან-ბარიკადი“, რომელიც რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად მიიჩნევა.