ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

28.11.26 17:47
ზელენსკი კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემები რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი, სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედება და ზარალის ანაზღაურების მექანიზმები იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ვიზიტი სიმბოლურად ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს დაემთხვა. უკრაინის ლიდერის თქმით, ისტორიულმა დაუსჯელობამ აგრესორს ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგა, რის გამოც მიმდინარე ომზე სამართლიანობის აღსრულება აუცილებელია.

მადლობა ვიზიტისთვის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს - უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი იმ საზარელი დანაშაულებისა, რომლისთვისაც რუსეთი მართლმსაჯულების წინაშე არასდროს დამდგარა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც აგრესორს მსგავსი დანაშაულები შერჩება, ეს მხოლოდ ახალი დანაშაულების ჩადენის გამბედაობას აძლევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლიანობა აღსრულდეს ამ ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და რომლის დასრულებას არ სურს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს“ ბევრი პარტნიორი სახელმწიფო შეუერთდება.

„მიმდინარე კვირაში „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის“ მმართველი კომიტეტის შესახებ ნაწილობრივი შეთანხმების რატიფიცირება დავასრულეთ, რაც ტრიბუნალის ამოქმედების საფუძველს ქმნის. ასევე, განვიხილეთ საერთაშორისო საკომპენსაციო მექანიზმის შექმნის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და სამომავლო საკომპენსაციო ფონდის დაფინანსების გზები, პირველ რიგში, რუსეთის ხარჯზე“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.