ბრიტანული მედია: კირ სტარმერი შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, მედიის ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს პერიოდში თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ რამდენიმე ბრიტანული გამოცემა, მათ შორის Observer-ი, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობებით, სტარმერი როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრების, ისე თანაპარტიელების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მედიაში განხილულ მიზეზებს შორის სახელდება ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის შემცირება, ეკონომიკური გამოწვევები და მიგრაციული კრიზისი.
ამავე ცნობებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი განიხილება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მისი პარლამენტში დაბრუნება შესაძლოა ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებთან იყოს დაკავშირებული.
ამ ეტაპზე კირ სტარმერის გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.