წარუკიანის სახლიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ერთ-ერთი ლომი მოკვდა
სომხეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის რეზიდენციიდან ერევნის ზოოპარკში გადაყვანილი ერთ-ერთი ლომი მოკვდა. ძუ ლომი ტრანსპორტირებამდე დროებით დააძინეს, თუმცა ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ ვეღარ გაიღვიძა.
ერევნის ზოოპარკის ინფორმაციით, ცხოველის სიკვდილი მის ხანდაზმულ ასაკსა და თანმხლებ დაავადებებს უკავშირდება. უწყების ცნობით, აუტოფსიის შედეგად ლომს ელენთის, ღვიძლის, ფილტვებისა და გულის დაზიანება, ნაღვლის ბუშტის ანთებითი ცვლილებები, სიმსუქნე და მუცლის ღრუში დაგროვილი სითხე დაუდგინდა.
მომხდარის გარემოებებს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი შეისწავლის. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების საგანი ლომის დაძინებისა და შემდგომ გამოუღვიძებლობის გარემოებები იქნება.
წარუკიანის რეზიდენციიდან ერევნის ზოოპარკში სამი ლომი და ერთი ვეფხვი გადაიყვანეს. მანამდე, ჩხრეკის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ბიზნესმენის სახლიდან 200-მდე გარეული ფრინველისა და ცხოველის ფიტულიც ამოიღეს. მათ შორისაა მგლების ფიტულებიც. გამოძიების ვერსიით, ნივთები შესაძლოა უკანონო ნადირობასთან დაკავშირებული საქმის მტკიცებულებად იქცეს. ოფიციალური მონაცემებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 30 მილიონ დრამს, ანუ თითქმის 82 ათას დოლარს შეადგენს.
გაგიკ წარუკიანის სახლში და მის კომპანიებთან დაკავშირებულ დაახლოებით 70 მისამართზე ჩხრეკა 6 ივლისს ჩატარდა. გამოძიება მას თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება, ხოლო სასამართლომ 7 ივლისს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, წარუკიანის წინააღმდეგ ათზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.