ბაჰრეინსა და ქუვეითში აფეთქებებისა და სირენების ხმები ისმოდა
ბაჰრეინსა და ქუვეითში თავდასხმის საფრთხის მაუწყებელი სირენების და აფეთქებების ხმები ისმოდა - ქუვეითის არმიამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო თავდაცვა „მტრული რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“ რეაგირებს.
ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, „შეინარჩუნონ სიმშვიდე და უახლოეს უსაფრთხო ადგილას გაემართონ“.
მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.