გაერო: უკრაინაში ივნისში 293 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1 990 დაშავდა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია
ომის დაწყებიდან ყველაზე სისხლიანი თვეები უკრაინაში — მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია.
გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის ახალი განცხადებით ირკვევა რომ გასულ თვეს რუსულ საჰაერო დარტყმებს 293 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 2000-მდე კი მძიმედ დაიჭრა.
ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წლის აპრილის შემდეგ. გაერო საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობს და მსოფლიოს აფრთხილებს: ოკუპანტების მიერ ფართო არეალის მქონე მძიმე იარაღის, რაკეტებისა და დრონების მასიური გამოყენების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე არსებული რისკები არა მხოლოდ გრძელდება, არამედ კატასტროფული მასშტაბით იზრდება.
HRMMU-ს ხელმძღვანელის, დანიელა ბელის თქმით, უკრაინაში 2026 წლის პირველ ნახევარში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თავდასხმების ზრდისა და რუსების მიერ ძლიერი იარაღის გამოყენების ფონზე.
„ეს ტენდენცია უნდა იყოს გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე არსებული რისკები არა მხოლოდ გრძელდება, არამედ იზრდება როგორც მასშტაბით, ასევე სირთულით“, - აღნიშნა დანიელა ბელმა.
HRMMU-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 1 396 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 978 დაშავდა, რაც 37%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 114%-ით მეტია 2024 წლის პირველ ნახევართან შედარებით.
„ივნისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მთავარი მიზეზი კვლავ შორი მოქმედების იარაღი (ფართო არეალზე ძლიერი ზემოქმედების მქონე რაკეტები და დრონები) იყო და მთლიანი მსხვერპლის 45 პროცენტი გამოიწვია. ამ იარაღის გამოყენების შედეგად მსხვერპლის უმეტესი ნაწილი დაფიქსირდა ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე ურბანულ ცენტრებში, როგორიცაა კიევი და დნიპრო“, - აღნიშნულია განცხადებაში.