რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა - ზელენსკი
რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა კიევსა და კიევის ოლქზე იერიშისას 24 ბალისტიკური რაკეტა, 4 ცირკონ/ონიქსის ტიპის რაკეტა და 115 დრონი გამოიყენეს.
„თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების საწყობები იყო. ასევე დარტყმები განხორციელდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და რკინიგზის სადგურზე. ამ ობიექტებს ომთან საერთო არაფერი ჰქონდათ“, - წერს ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელ შეიარაღებას დღეს დაღუპული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, რომ ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდების შეფერხება ან მიწოდების სურვილის არქონა, მსგავს საშინელ მსხვერპლსა და ნგრევას იწვევს. პარტნიორებს, რომლებიც ჯერ არ არიან მზად რაკეტების მოწოდებაში აქტიური როლის შესრულებისთვის, დახმარება ახალი სანქციებით შეუძლიათ. რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ არ არის. ახალი ნაბიჯებია საჭირო „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის და ყველას მხრიდან, ვინც ადამიანების სიცოცხლის დაცვას მხარს უჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.