რუსეთის ფლოტის ფორმაში გამოწყობილი პუტინი დასავლური გემების დაკავებით იმუქრება
ვლადიმირ პუტინი დასავლური გემების დაკავებით იმუქრება - განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა საზღვაო-სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა გააკეთა.
პუტინი ოფიციალურად რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე კუნძულ სახალინში რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მოსანახულებლად ჩავიდა.
„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, რუსეთი მის გემებზე თავდასხმებს ნებისმიერ ადგილას უპასუხებს.
„ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.