რუსებმა ოდესას, ხერსონს და სუმს დრონებით დაარტყეს
რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე - დრონების ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძრები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ქალაქ იზმაილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იზმაილის პორტში დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის პუნქტს და სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო იზმაილის რაიონის ქალაქ რენის პორტში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის პუნქტს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
რუსეთის ჯარებმა დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხერსონზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდი ადმიანი დაიჭრა სუმის ოლქში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 133 უპილოტო საფრენი აპარატით. 13 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 111 დრონის მოგერიება.