"უკრაინას მივცეთ ყველა საჭირო საშუალება საკუთარი ცის დასაცავად" - მაკრონი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, რის შედეგედაც ბოლო მონაცემებით 17 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც მაკრონმა საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის ყველა საჭირო საშუალების მიწოდება მისი ცის დასაცავად და ამ აგრესიის შესაჩერებლად.
"პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ - გზაგადამჭრელი რაკეტების მიწოდებითა და იმ თანამშრომლობის გაგრძელებით" - ამბობს მაკრონი.
"...ამ დარტყმებითა და ამ კვირაში კიევის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევებით, რუსეთი აგრძელებს და ამძიმებს თავის დანაშაულს. მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური მიზანში ამოღებითა და დაშინებისა თუ ესკალაციის გზის არჩევით, რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს ძალის დემონსტრირებას, თუმცა ეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სისუსტის აღიარებაა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინას მივცეთ ყველა საჭირო საშუალება საკუთარი ცის დასაცავად და ამ აგრესიის დასამარცხებლად. პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ - გზაგადამჭრელი რაკეტების მიწოდებითა და იმ თანამშრომლობის გაგრძელებით, რაც სრულ შესაბამისობაშია გასული წლის 13 ივლისს პარიზში გამართულ ანტიბალისტიკური კოალიციის დამფუძნებელ შეხვედრასთან და 2025 წლის 17 ნოემბერს ხელმოწერილ განზრახულობათა დეკლარაციასთან. აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც შესაბამისი საშუალებები გააჩნია, ასევე შეუერთდეს ამ ძალისხმევას.
ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდა მანამ, სანამ ის უარს იტყვის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობაზე. ამ ორშაბათს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ, ჩვენ ასევე შევაჯამეთ ჩვენი მობილიზაცია იმ მშვიდობის მისაღწევად, რომლისკენაც უკრაინელი ხალხი სამართლიანად ისწრაფვის - მისი უფლებების პატივისცემითა და უკრაინისა თუ ჩვენი კონტინენტისთვის უსაფრთხოების ყველა გარანტიის უზრუნველყოფით. რუსეთი ცდილობს ტერორით გატეხოს უკრაინა: ის ამას ვერ მიაღწევს. უკრაინის გვერდით გაერთიანებულნი, ჩვენ სამართალსა და მართლმსაჯულებას ძალაზე მაღლა დავაყენებთ" - დაწერა მაკრონმა.
უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მოწოდების დაჩქარებაზე საუბარი ზელენსკიმაც დაადასტურა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, კი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა, მაკრონთან საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
"ძალიან კარგი საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელთან. დღეს თითქმის 2 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ ყველა უმნიშვნელოვანეს თემაზე. ეს, პირველ რიგში, ეხება საჰაერო თავდაცვის საჭიროებას. ძალიან ვაფასებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მზადაა დაგვეხმაროს კომუნიკაციაში ჩვენს სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ „პატრიოტებისთვის“ საჭირო რაკეტები. ასევე ვისაუბრეთ საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე. ემანუელს მივაწოდე ინფორმაცია დარტყმების შედეგად შექმნილი სიტუაციის შესახებ. მადლობელი ვარ თანაგრძნობისთვის.
შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მოწოდების დაჩქარებაზე. გმადლობთ რაკეტების წარმოების ლიცენზიების გაცემის მზაობის დადასტურებისთვის. ასევე განვიხილეთ პარტნიორებთან დიპლომატიური მუშაობის მდგომარეობა და კომუნიკაცია ამერიკის პრეზიდენტის გუნდთან. შევთანხმდით ნაბიჯებზე, რომლებმაც შეიძლება დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები გაახსნას. განვიხილეთ მიმდინარე და მომდევნო წლისთვის ჩვენი თავდაცვის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების საჭიროებაც. განვსაზღვრეთ თავდაცვითი შეთანხმებები, რომლებიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში დაჩქარებას საჭიროებს" - წერს ზელენსკი.