ზელენსკი: რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი - ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

21.11.26 10:25
ზელენსკი: რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი - ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან ახალი კადრები ვრცელდება, რომლებშიც ქერჩის ხიდზე უკრაინის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგები ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ხიდის სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია, კადრებში ნათლად ჩანს საავტომობილო ნაწილის მასშტაბური დაზიანება - ჩამონგრეული თაღი და გზის მონაკვეთი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი საბოლოოდ ვერ გადარჩება. მისი თქმით, ნაგებობა, რომელსაც რუსეთი სამხედრო ლოგისტიკისთვის იყენებს, უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არც სამხედრო და არც დიპლომატიური გზით არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას.

„ისინი წლების განმავლობაში გვიტევდნენ, ანადგურებდნენ ჩვენს ხიდებს, სარკინიგზო ხაზებს და სხვა ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ, მათ თავდასხმებს ჩვენს ხიდებზე პასუხს გავცემთ. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ეს ხიდი ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გადარჩება“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში.

ამ ფონზე, რუსეთის სახელმწიფოებრიობის შესაძლო კრიზისზე საუბრობს რუსეთის გენერალ-პოლკოვნიკი თადარიგში ლეონიდ ივაშოვიც. მისი შეფასებით, არსებული პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში, 2029 წლისთვის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები