რუსეთმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაღუპულია 7 წლის ბავშვი და ახალგაზრდა მედიკოსი
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს. 20 ნოემბრის თავდასხმას 7 წლის ბიჭი და 20 წლის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი ემსხვერპლნენ. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნის ტერიტორიაზე გაისროლეს, სადაც თავდასხმის დროს ბავშვები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა.
თავდაპირველი სარაკეტო დარტყმის შემდეგ, როდესაც ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობდნენ, რუსეთის სამხედრო ძალებმა ტერიტორია განმეორებით, ამჯერად უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. დაშავებულთა შორის არიან მაშველები და პოლიციელებიც.