უკრაინამ დრონებით Ozon-ის უმსხვილეს საწყობს შეუტია - ორენბურგში 300 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის ქალაქ ორენბურგში დრონებით Ozon-ის უმსხვილეს ლოგისტიკურ კომპლექსს შეუტიეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება დარტყმისა და ობიექტიდან ამომავალი კვამლის ამსახველი კადრები. თავდასხმა დაადასტურეს როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე კომპანიამ.
ორენბურგის მერის, ალბერტ იუმადილოვის განცხადებით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი სამრეწველო საწარმოების განთავსების ზონაში ჩამოაგდეს, მათი ნამსხვრევები კი Ozon-ის ლოგისტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე დაეცა.
კომპანიის ინფორმაციით, ობიექტიდან დაახლოებით 300 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. საწყობში არსებული პროდუქცია მარკეტპლეისის ვიტრინიდან დროებით დამალეს, ასევე შეჩერდა გამყიდველებისგან ახალი ტვირთების მიღება. თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებში ტერიტორიაზე ხანძარი ჩანს, თუმცა მისი მასშტაბი შეზღუდულია. მიყენებული ზიანის სრული მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.
ორენბურგში Ozon-ის ლოგისტიკური კომპლექსის ფართობი 200 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება და ის სპეციალური ეკონომიკური ზონის, „ორენბურგიეს“ ტერიტორიაზე მდებარეობს.
მედიის ცნობით, ეს Ozon-ის მეორე საწყობია ორ დღეში, რომელსაც უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. 22 აგვისტოს ღამით დარტყმა განხორციელდა სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკში მდებარე Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბზეც, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.