„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინ კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს.
მისი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფებიან დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები. ვიზიტის ფარგლებში ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
„დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ლიდერების ვიზიტი უკრაინისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.