ყაზახეთი ახალ „ყურულთაის“ ირჩევს
ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პირველი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12,6 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ახალი, ერთპალატიანი პარლამენტის - „ყურულთაის“ 145 დეპუტატს ირჩევს. კენჭისყრა 23 აგვისტოს დილიდან მიმდინარეობს.
ახალი კონსტიტუცია, რომელიც მარტის რეფერენდუმის შემდეგ 1 ივლისს შევიდა ძალაში, მანამდე არსებული ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოს ქმნის. არჩევნებში 545 კანდიდატი და შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.
არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, ODIHR-მა, ქვეყანაში სპეციალური სადამკვირვებლო მისია განათავსა.
თუმცა საერთაშორისო მედია ყურადღებას ამახვილებს მკაცრად კონტროლირებად პოლიტიკურ გარემოზე. Reuters-ის ცნობით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის კურსს უჭერს მხარს და კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებაა მოსალოდნელი. პროსაპრეზიდენტო „ადილეთი“, რომელმაც ყოფილი მმართველი პარტია „ამანათი“ შეიერთა, არჩევნების ფავორიტად მიიჩნევა.
AP-ც წერს, რომ არჩევნები ტოკაევის ძალაუფლების განმტკიცების ფონზე მიმდინარეობს და ქვეყანაში დამოუკიდებელ მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე ზეწოლის შესახებ კითხვები კვლავ რჩება.