„ჩვენ გვჭირდება დრონები და არა ფული, რუსეთი ომზე ორჯერ მეტს ხარჯავს“ - ზელენსკი

25.08.26 10:18
„ჩვენ გვჭირდება დრონები და არა ფული, რუსეთი ომზე ორჯერ მეტს ხარჯავს“ - ზელენსკი

უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების რაოდენობის გასაზრდელად მეტი დრონი სჭირდება - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს, უკრაინა კი 140 მილიარდს ხარჯავს, ამიტომ კიევისთვის მნიშვნელოვანია არა ფინანსური რესურსებით, არამედ დარტყმის შესაძლებლობებით კონკურენცია.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების მიზანია, ომის შედეგები თავად რუსეთის საზოგადოებამაც იგრძნოს და კრემლზე შიდა ზეწოლა გაიზარდოს. მისი შეფასებით, სწორედ ასეთი ზეწოლა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს.

ჩვენ გვჭირდება დრონების შესაბამისი რაოდენობა და არა ფული, რადგან დღეს მათ ორჯერ მეტი ფული აქვთ... თუ გვინდა, ომი რუსეთისთვის მტკივნეული გახდეს, მათმა საზოგადოებამ ეს უნდა იგრძნოს და პუტინზე ზეწოლა მოახდინოს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც პუტინს მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს, - განაცხადა ზელენსკიმ.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდაზე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებაზე.