„ირანმა ჩემი ერთ-ერთი ვაჟის მოკვლა სცადა“ - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი ვაჟის მკვლელობას გეგმავდა და თავდასხმის განხორციელებაც სცადა. ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, რომელ ვაჟზე, იაირზე თუ ავნერზე იყო საუბარი და არც სავარაუდო ოპერაციის დეტალები გაუმხელია. მისი თქმით, ინფორმაცია თვეების განმავლობაში სამხედრო ცენზურის გამო გასაჯაროებას არ ექვემდებარებოდა.
„ირანმა ჩემი ერთ-ერთი ვაჟი სამიზნედ ამოიღო და მისი მოკვლა სცადა. ამიტომ ეს დაცვა ფუფუნება არ არის - მის გარეშე ისინი წარმატებას მიაღწევენ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ისრაელის Channel 14-თან საუბრისას.
ნეთანიაჰუმ საკითხზე ოჯახის წევრების უსაფრთხოების ზომების განხილვის კონტექსტში ისაუბრა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, მისი ვაჟები - იაირი და ავნერი პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ხუთი წლის განმავლობაში დაცვით ისარგებლებენ, ხოლო სარა ნეთანიაჰუს დაცვა უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეუნარჩუნდება.