აშშ ვენესუელის 65 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის მარაგს გააკონტროლებს
„მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სანავთობო გარიგება“ - ასე აფასებს დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმების შედეგად აშშ ვენესუელის 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგზე უმრავლესობით კონტროლს მიიღებს. ეს ქვეყნის მთლიანი დადასტურებული მარაგების დაახლოებით მეხუთედია.
შეთანხმება 17 სტრატეგიული საბადოს განვითარებას ითვალისწინებს. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი აცხადებს, რომ პროექტი 25 წელზეა გათვლილი და მიზნად ნავთობის მოპოვების დღეში მილიონნახევარ ბარელზე მეტად გაზრდას ისახავს. მისი თქმით, შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და სახელმწიფო შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს. ამასთან, როდრიგესი ხაზს უსვამს, რომ ვენესუელა საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე საკუთრებასა და სუვერენიტეტს ინარჩუნებს.
ტრამპის განცხადებით, გარიგება ამერიკისთვის ხელმისაწვდომ ნავთობის მარაგს მნიშვნელოვნად გაზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. თუმცა შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების არაერთი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია