უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მასშტაბური იერიშები მიიტანა
ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშში დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში - „კირიშინეფტეორგსინთეზში“. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაზეა გათვლილი და რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში უმსხვილესი ასეთი საწარმოა. ადგილობრივი ხელისუფლება ხანძარს ადასტურებს.
დარტყმა განხორციელდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ეისკის სამხედრო აეროდრომზეც. უკრაინული მხარის ცნობით, ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. სატელიტური მონიტორინგის მონაცემებიც აეროდრომის ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე თერმულ ანომალიებს აფიქსირებს.
ღამის განმავლობაში დრონების საფრთხე რუსეთის არაერთ რეგიონში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ბრიანსკსა და სმოლენსკის ოლქშიც. სმოლენსკის ხელისუფლების ცნობით, რეგიონს 19 დრონი დაესხა თავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 29 აგვისტოს საღამოდან 30 აგვისტოს დილამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ოკუპირებულ ყირიმსა და შავი და აზოვის ზღვების თავზე 494 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.