შვეიცარიაში რეივ-ფესტივალზე სროლას 22 წლის ქალი ემსხვერპლა - დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი

30.08.26 20:52
შვეიცარიაში რეივ-ფესტივალზე სროლას 22 წლის ქალი ემსხვერპლა - დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი

შვეიცარიის ქალაქ აარაუში, მუსიკალურ რეივზე სროლა მოხდა - დაიღუპა 22 წლის ქალი, კიდევ ხუთი ადამიანი კი დაშავდა, მათგან რამდენიმე მძიმედ. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილები 24-დან 27 წლამდე ასაკის ოთხი კაცი და ერთი ქალია.

შემთხვევა კვირას, გამთენიისას, შახენის იპოდრომზე მოხდა, სადაც ტექნო-ფესტივალი იმართებოდა. ორგანიზატორები ღონისძიებაზე დაახლოებით 3 500 ადამიანს ელოდებოდნენ. თვითმხილველის ინფორმაციით, გასროლები დაახლოებით 02:30 საათზე, მუსიკის გაჩერებიდან მალევე გაისმა. თავდაპირველად შეკრებილთა ნაწილს ხმა ფეიერვერკის ეგონა.

22 წლის ქალი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული იტალიის მოქალაქე იყო, თუმცა შვეიცარიაში ცხოვრობდა.

თავდამსხმელი ან თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციას ამ ეტაპზე დაზუსტებული არ აქვს, სროლაში ერთი პირი მონაწილეობდა თუ რამდენიმე. აარაუსა და მის შემოგარენში მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ.

მსგავსი სიახლეები