ნიკოლას მადურომ ამერიკის ციხიდან ახალი ფოტოები და გზავნილი გაავრცელა: „მინდა იცოდეთ, რომ მტკიცედ ვდგავართ“

30.08.26 20:59
ნიკოლას მადურომ ამერიკის ციხიდან ახალი ფოტოები და გზავნილი გაავრცელა: „მინდა იცოდეთ, რომ მტკიცედ ვდგავართ“

ვენესუელის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ნიუ-იორკის ციხიდან საკუთარი ფოტოები და მხარდამჭერებისადმი მიმართვა გაავრცელა. ეს მისი პირველი ფოტოებია პატიმრობის ადგილიდან, თუმცა არა პირველი წერილობითი გზავნილი: მადუროსა და მისი მეუღლის პირველი საჯარო წერილი ამერიკის ციხიდან ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.

ახლად გამოქვეყნებულ ორ ფოტოზე მადურო ნაცრისფერ სპორტულ სამოსშია. ერთ ფოტოზე მას სათვალე უკეთია, მეორეზე კი სათვალე ხელში უჭირავს და გამარჯვების ჟესტს აჩვენებს. ფოტოებზე დატანილი თარიღის მიხედვით, ისინი 25 ივნისსაა გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელში მხოლოდ 30 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მადურომ ფოტოებს „სიყვარულისა და იმედის პატარა საჩუქარი“ უწოდა და ისინი შვილიშვილებს, ბავშვებსა და მხარდამჭერებს მიუძღვნა.

მინდა იცოდეთ, რომ მტკიცედ ვდგავართ, ჩვენი გულები თქვენი სიყვარულითაა სავსე - სიყვარულით, რომელიც ჩვენამდე ლოცვად, სოლიდარობად და ნამდვილ მხარდაჭერად აღწევს, - წერს მადურო.

მიმართვის ბოლოს მადურო მეუღლეს, სილია ფლორესსაც ახსენებს და წერს: „ღმერთი იზრუნებს. ვენესუელა ხელახლა აღორძინდება.“

მადურო და ფლორესი შეერთებული შტატების ძალებმა 2026 წლის 3 იანვარს, ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დააკავეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ბრუკლინის Metropolitan Detention Center-ში იმყოფებიან. მადუროს აშშ-ში ბრალად ედება ნარკოტერორიზმთან დაკავშირებული შეთქმულება, კოკაინის იმპორტთან დაკავშირებული შეთქმულება და იარაღთან დაკავშირებული დანაშაულები. მან ბრალი არ აღიარა. სასამართლო პროცესი 2027 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები