მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა
20 სექტემბრის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა. მონიტორინგის არხების ინფორმაციით, დრონები რუსეთის დედაქალაქისკენ ჯგუფებად მოძრაობდნენ.
გავრცელებული ცნობებით, დარტყმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ლოგისტიკურ ტექნოპარკ „სოფინოში“. კომპანია Fire Point-ის განცხადებით, FP-1 ტიპის დამრტყმელმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სასაწყობე კომპლექსი გაანადგურეს. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია კომპანია „Современные складские технологии“-ს საწყობებზე.
ძლიერი ხანძრის ამსახველი კადრები გავრცელდა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კაპოტნიაშიც, სადაც მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მოსკოვის ოლქს 249 უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს.
კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც „გაზპრომ ნეფტს“ ეკუთვნის, რუსეთის დედაქალაქის რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
ქარხანა დრონების სამიზნე 2026 წლის ივნისშიც ორჯერ გახდა. 16 ივნისის შეტევის შედეგად დაზიანდა პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელზეც საწარმოს სიმძლავრის დაახლოებით 53% მოდიოდა, რის შემდეგაც ქარხანამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. 18 ივნისის თავდასხმისას კი საწარმოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხანძრის კერა გაჩნდა. სატელიტური მონაცემებით, დარტყმების შემდეგ ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარების აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.