მოსკოვზე მასშტაბური შეტევის გამო აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი შეფერხდა
20 სექტემბრის ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასშტაბური დრონებით შეტევის ფონზე დედაქალაქის ოთხივე ძირითად აეროპორტში - ვნუკოვოში, დომოდედოვოში, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკიში, თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. რუსეთის საავიაციო უწყების განცხადებით, ზომები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
რუსული მედიის მონაცემებით, დღის განმავლობაში მოსკოვის აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო, ნაწილი კი გაუქმდა. ყველაზე მასშტაბური შეფერხება შერემეტიევოში დაფიქსირდა - ჩამოფრენაზე 121, ხოლო გაფრენაზე 126 რეისი დაგვიანდა. მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე ათეული თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტებში გადაამისამართეს.
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა დარღვეული განრიგის გამო ავიაკომპანიებს, მათ შორის „აეროფლოტსა“ და „პობედას“, ფრენების გრაფიკის შეცვლა მოუწიათ.