აფეთქება ათენში - მაშველებმა ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - როგორც ათენის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, დღეს დილით ნანგრევებში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მაშველები ასაკოვან წყვილსა და კიდევ სამ ტურისტს ეძებენ.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ ტურისტებს, რომელთა ეროვნებაც ჯერჯერობით უცნობია, სახლი პარასკევს უნდა დაეტოვებინათ სამშობლოში დასაბრუნებლად, თუმცა ისინი აეროპორტში არ გამოცხადებულან.
ათენის მერის, ჰარის დუკასის ცნობით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაზმომარაგების ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
ათენის ისტორიულ ცენტრში, პლაკას რაიონში, აკროპოლისთან ახლოს, ძლიერი აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ დილით, ლისიკრატუსის ქუჩაზე მოხდა. გუშინ ინფორმაცია მხოლდო დაშავებულების შესახებ გავრცელდა.